ჩემი ფერადი ბავშვობა

ჩემი ნებისმიერი ბავშვობასთან ასოცირებული მოგონება აუცილებელ კავშირშია ჩემს ერთ-ერთ სტაჟიან მეგობარ ელენესთან. ჩვენ ერთმანეთი ბაღში გავიცანით, იქ დავმეგობრდით და მას მერე ერთმანეთს არც მოვშორებივართ. ხშირად გვიჩხუბია კიდეც, მაგრამ მართალი ყოველთვის მე ვყოფილვარ, ამიტომ შევრიგებულვართ კიდეც..

მახსოვს, რომ ბაღში დედაჩემმა მიმიყვანა და მაშინვე ტირილი დავიწყე, საერთოდ სულ ვტიროდი და სულ ძირს ვეგდე. მხოლოდ 7 წლის ასაკში გავაცნობიერე, რომ ძირს გაგორებულს აღარავინ მაქცევდა ყურადღებას, ამიტომ ასეთი ფორმით ჩემი სურვილების დაკმაყოფილების მოთხოვნას შევეშვი.

ბაღში რომ შევედი ელენიკოს ერთ დღეში დავუმეგობრდი. ყველაფრით განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან და დღემდე ასეა. ის მშვიდი, წყნარი, ჩუმი და ლოყებდაბუსკნული ბავშვი იყო, მე ვიყავი დაჯღანული, ენერგიული, უსირცხვილო და მტირალა ბავშვი.

მახსოვს, რომ ბაღში ერთ გოგოს მხოლოდ იმის გამო დავუმეგობრდით, რომ მისი პომადა წაგვესვა. მერე ელენიკოს აჩუქა 1543604_733956336634811_530173285_nმამიდამისმა იმავე ფერის პომადა და იმ გოგოსთან ჩვენი მეგობრობაც ამით დასრულდა.

მახსოვს, რომ მე და ელენე ეზოში ყველასთან ნაჩხუბრები ვიყავით. უფრო სწორად, მე ვეჩხუბებოდი ყველას და ელენეც იძულებული იყო მათთან არ ემეგობრა. ვჩხუბობდით ჩვენს მეზობლებელ ბავშვებთან, რომლებთანაც ვერ ვიყოფდით შტაბისთვის ადგილს. ისინი ამტკიცებდნენ ეს ეზო მამაჩვენებისააო და მე და ელენე ვამტკიცებდით, რომ ბებიაჩემი დოდოსიათქო. საბოლოოდ, ის პატარა ეზო მართლა იმ ბავშვების ყოფილა და არა დოდოსი.

მახსოვს, რომ ბიძაჩემი თუ 50 თეთრს მომცემდა, მე და ელენე ნაყინებს ვყიდულობდით. მე სულ ჩქარა ვჭამდი, ელენეს სულ ეწუწებოდა და მოთუთხნული დადიოდა.

მახსოვს, რომ ჩემმა მეზობელმა ნინომ ბაბუამის ბეჟანას გამოართვა ერთხელ ფული, მას მერე მე და ელენეს გვეგონა, რომ ჩვენც გვქონდა ამის უფლება და სულ ბეჟანასთან ჩავრბოდით. ბოლოს, როდესაც შეწუხდა და ჯიბეებიც გამოეფხიკა, ბებიაჩემთან ხუმრობით მოყვა ჩვენზე. მას მერე ერთი კვირა მე და ელენიკო ყურებაწითლებულები დავდიოდით, უფულოდ.

მახსოვს, რომ ბებიაჩემმა მიყიდა პატარა ქუსლიანი ფეხსაცმელი, ლილიპუტის ზომის, რომელსაც ვერ ვიყოფდით მე და ელენიკო, ამიტომ ერთ ფეხზე მე მეცვა ხოლმე და მეორე ფეხზე ელენეს. აი ასე დავკაკუნებდით დილიდან საღამომდე სახლში, სანამ ნევროზი არ დაემართა ყველა ჩვენს მეზობელს.

მახსოვს, რომ ეზოში ფიჭვის კევს ვყიდულობდით, მერე ერთი კვირა ვცდილობდით მის დაღეჭვას და ამასობაში კბილებსაც ვიმტვრევდით.

მახსოვს, რომ ყველას ტილები გვყავდა. მე განსაკუთრებით ბევრი ტილი მყავდა, რადგან საშინლად სქელი თმა მაქვს. ჩემს თმას როდესას “პარა პლიუსმა” ვერ უშველა,დედაჩემმა უკეთეს ხერხს მიმართა და იპოვნა წამალი, რომელიც 4 საათში ჟლიტავდა ყველა ტილს!! რამდენჯერაც ტილები მყავდა სულ ამ წამალს მყიდულობდა, მაგრამ რამდენიმე წელში გამოაცხადეს ტელევიზორში, რომ თურმე ამ წამალს ოთხი თუ სამი გოგო მოუკლავს.. მას მერე ისევ დავუბრუნდით “პარა პიუსს”…

მახსოვს, რომ “მარიოს” თამაში მიყვარდა განსაკუთრებით..მაგრამ ვინ მაცლიდა? მამაჩემი იჯდა და თამაშობდა დღე და ღამე;

ეზოში ყოფნას არაფერი მერჩივნა, მაგრამ ბებიაჩემი ისეთი ხმით დაიძახებდა ხოლმე ჩემს სახელს, თიკო, ამოდი ჭამეო, რომ მთელი ეზო მეხვეწებოდა ხოლმე, მალე ადი, თორე კიდევ დაგიძახებსო. ასევე მახსოვს, რომ თუ დედაჩემი გადმომძახებდა ხოლმე, მთელი ეზო ჩემთან ერთად იხვეწებოდა (ჩემი თხოვნით), ცოტა ხანი კიდე ვიქნები ეზოშითქო..

მახსოვს, პირველ კლასში სკოლაში წასვლამდე “პირველ სტერეოზე” გადიოდა ნინი ქარსელაძის სიმღერა და ისე მომეწონა, ელენეს გადავურეკე სახლში, გადართე მაგარი სიმღერაა და მოუსმინეთქო. ასევე, მახსოვს, რომ რაღაც ნომერზე თუ გააგზავნიდი შენი და შენი შეყვრებულის ზოდიაქოებს, მესიჯი მოგდიოდა, თუ როგორ ეწყობოდით ერთმანეთს ან რას ფიქრობდა ის თქვენზე..

largeჩემს ბავშვობაში გადიოდა სერიალი “იუდას ქალი”. სამწუხაროდ, არცერთი სერია არ მქონდა ნანახი, მაგრამ ძილის წინ, თუ ელენე ჩემთან იყო სახლში, ოთახის კარებს ვკეტავდი და ვუყვებოდი ჩემს გამოგონილ საშიშ ისტორიებს იუდას ქალზე.. ელენე ტირილს იწყებდა და ოთახიდანაც ვერ გარბოდა, რადგან კარის გაღება არ იცოდა.. სამაგიეროდ, ბებიაჩემი ამადღლიზავდა ხოლმე ელენეს ტირილისთვის ყურებს…

მახსოვს, მე და ელენიკომ ერთად დავწერეთ სამშობლოს სიყვარულზე ლექსი და პატრიოტული სახელიც დავარქვით “ჩემი ქვეყანა” თუ რაღაც მსგავსი. შემდეგ ფრჩხილებში მივუწერეთ “ხალხური”. მაშინ ვერ მივხვდით, რატომ დაგვცინეს სახლში და ძალიან გვეწყინა, რომ ამდენი იცინეს ჩვენს ლექსზე;

ძალიან გვინდოდა, რომ დიდი ქალებივით ვყოფილიყავით, ამიტომ, როდესაც სახლში მარტო ვიყავი ხოლმე, დავსხდებოდით ვერანდაზე, ქაღალდებს დავახვევდით, ცეცხლს წავუკიდებდით და “სიგარეტს ვეწეოდით”. მიკვირს, ამ დრომდე ცოცხლები როგორ გადავრჩით;

ბავშვობიდან ჟურნალისტობა მინდოდა, ამიტომ ერთად ვაკეთებდით ხოლმე ხელნაწერ გაზეთებს მე და ელენიკო. ჩვენით ვიგონებდით ინტერვიუებს და სტატიებს და მერე ოჯახის წევრებზე ვყიდდით 20 ან 30 თეთრად. ერთხელ მახსოვს, რომ ირაკლი ჩარკვიანის ინტერვიუ მოვიგონეთ და ჩავწერეთ. ერთ კვირაში ირაკლი გარდაიცვალა და ჩვენ ხელნაკეთ გაზეთს რეპუტაცია რომ არ შელახვოდა, ყდაზე გადავაწერეთ, რომ სიკვდილამდე ჩაიწერა ეს ინტერვიუთქო;

მახსოვს, ტელეკომპანია “202” ახალი გახსნილი იყო, როდესაც სახლში მულტფილმ “ნაბოზართა კუნძულს” არ მაყურებინებდნენ;

მე და ელენიკომ ერთხელ ასკილი გავკრიფეთ ეზოში, ვარდის ეკლები ფურთხით შუბლზე და ლოყებზე მივიწებეთ და სახლში ავვარდით, ბებიაჩემ დოდოს ვახარეთ, რომ ასკილი გვქონდა. ბებიაჩემმა უკან გამოგვაბრუნა, რა ჯანდაბათ მინდოდა, რატომ დაკრიფეთო…

ერთხელ, ჩემთან დავრჩით და გადავწყვიტეთ, ჩვენი კულინარიული შესაძლებლობები ბოლომდე გამოგვემჟღავნებინა, ცომის მაგივრად, როდესაც რაღაც ჟღვლინტი გამოვიდა, მას მერე აღარ გაგვჩენია ამის სურვილი;

მახსოვს, რომ უშუქობა იყო და მე თუ ელენიკოსთან ვიყავი ჩემი ძმა მაკითხავდა და ელენიკო თუ ჩემთან იყო, დედამისი აკითხავდა ხოლმე, მაგრამ ფაქტია, რომ ერთმანეთის გვერძე სადარბაზოებში ვცხოვრობდით..

ასევე, ჩვენს ეზოში იყო ძაღლი მურა, რომელიც ქურდად იჯდა. მისი ყველა ძაღლს ეშინოდა. ბავშვებს ეშინოდათ ეზოს გარეთ რომ ძაღლები იყვნენ იმათი, რადგან მურასგან განსხვავებით, ისინი კაციჭამიები იყვნენ. მე მოვატყუე ბავშვები, რომ არ ინერვიულოთ, დედაჩემის მეგობარი ძაღლები არიან და არ დაგკბენენ, გაფრთხილებული ყავს დედაჩემსთქო.. რა შედეგი გამოიღო ჩემმა ტყუილმა არ ვიცი, მაგრამ ბავშვების რიცხვი აშკარად შემცირდა ამის შემდეგ ეზოში…

მახსოვს, რომ ხატვის დროს ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტი იყო “კაპიროვკა”, რომელსაც ბებიაჩემი გვყიდულობდა ხოლმე;

ასევე, გოიმური ქართული სიმღერების გარდა, ვუსმენდით ხოლმე უფრო გოიმურ უცხოურ სიმღერებს, მაგრამ ამას ნუ გავიხსენებთ.. რაც იყო, იყო  😀

და მახსოვს, რომ პირველ არხზე გადიოდა მულტფილმი  princessee Sheherazad, რომელსაც არასდროს ვტოვებდი და სულ ვუყურებდი;

მეტი, რომ აღარ გავაგრძელო, ვფიქრობ, რომ ჩემი ბავშვობა უფრო ფერადი, მხიარული, ენერგიული, სასაცილო და საინტერესო იყო, ვიდრე დღევანდელი ბავშვებისთვისაა..

large (1)

6 responses to “ჩემი ფერადი ბავშვობა

  1. რა კარგია ❤ ძალიან მომეწონა. ბოლოს პიტერ პენის სიტყვები.. პიტერი ჩემი საყვარელი პერსონაჟია.. ყველა ადამიანში ცხოვრობს ბავშვი, რომელიც არასოდეს გაიზრდება. სამწუხაროა, რომ დრო ასე მალე გადის.

    • გეთანხმები.. ბავშვობის შენარჩუნება რომ შეგვეძლოს ამაზე დიდი ბედნიერება არ იქნებოდა არაფერი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s