როგორ დატოვა ბავშვობა თოვლის ბაბუამ

727656b8f64c04026964f6ec0230c18f.jpg6 წლამდე ბებიაჩემთან და ბაბუაჩემთან ვცხვრობდით მე, დედა და ჩემი ძმა, რადგან ჩემი მშობლები გაშორებულები იყვნენ. ასევე დეიდაჩემი, ბიძაჩემი და ჩემი ორი დეიდაშვილი ქეთი და ნინიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდნენ. ერთ სახლში სულ ცხრა ადამიანი ვცხოვრობდით, თან ეს იმ პერიოდში, როდესაც გარშემო ყველა უმუშევარი იყო და მათ შორის არც ბებიაჩემი, ბაბუაჩემი და ბიძაჩემი მუშაობდნენ, მხოლოდ დედა და დეიდა.  მწარე გაჭირვების პერიოდი ყველა ოჯახს აქვს გამოვლილი და, რა თქმა უნდა, არც ჩემი იყო გამონაკლისი, მაგრამ დღემდე, როდესაც ბავშვობას ვიხსენებ ცუდი არაფერი მახსენდება, რადგან არავინ გვაგრნობინებდა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ  ერთ გასაშლელ სავარძელში გვეძინა მე, დედას და ჩემს ძმას , რომ ერთი პატარა სნიკერსის გაყოფა ოთხ ბავშვსა და ერთ ზრდასრულ ბებიაჩემს გვიწევდა (ბებიაჩემის სუსტი წერტილია ტკბილეული, ამიტომ სულ გვეცილებოდა ხოლმე), რომ ყველას ერთმანეთის ნახმარ-გახუნებული ტანსაცმელი გვეცვა, ყველაფერი ისე იყო როგორც უნდა ყოფილიყო. თითქოს, ეს და სხვა მილიონი პრობლემა ჩემს ბავშვობაში სულაც არ არსებობდა.

სწორედ ამ პერიოდში საახალწლოდ თოვლის ბაბუას, გაჭირვებისდა მიუხედავად, უწევდა, რომ ოთხი პირდაღებული ბავშვი საჩუქრებით გაეხარებინა. მახსოვს, როგორ მიხაროდა ახალი წლის მოსვლა, რადგან ნაძვის ხეს ვრთავდით,ბებიაჩემის ნაქსოვ ჯემპრებში გამოწყობილები თოვლში ვგორაობდით , ასჯერ დაკერილი თბილი ტანსაცმლის შიგნით სულ ვერ ვგრძნობდით გარეთ არსებულ სიცივესა და ყინვას და ლოყებაწითლებულები დილიდან საღამომდე თოვლ-ჭყაპიანი თბილისისd8a914a2238896f624193a0867bee9f9 ეზოებში ვთამაშობდით. ეს წინასაახალწლო პერიოდი იმიტომ მიყვარდა კიდევ, რომ ჩემი დეიდაშვილი ნინი სახლში ოჯახის წევრებზე ყიდდა ხოლმე ტანსაცმელებს. გაშლიდა ძირს დიდ ნაჭერს, დაალაგებდა ზედ საზაფხულო ტანსაცმელებს და 20, 40 ან მაქსიმუმ 60 თეთრად ყიდდა ხოლმე ჩემზე და ჩემს ძმაზე ყველაფერს. ჩვენს მოვიჩხრიკავდით დაფხრეწილ ჯიბეებში  ხურდებს და ვყიდულობდით ამ სისულელეებს, მაგრამ დროებით, რადგან ზაფხული რომ დადგებოდა, უკან გვართმევდა ხოლმე ნაყიდ ტანსაცმელს.

მაშინ ჩვენი თოვლის ბაბუა ჩვენი ნამდვილი ბაბუ იყო. სახლში გავაწყობდით მაგიდას, მივუსხდებოდით ყველა ერთად, დავლევდით ლიმონათებს და თვალებაციმციმებულები ველოდებოდით როდის დააკლდებოდა 12 საათს 5-10 წუთი რომ ბაბუ გასულიყო გარეთ, ეზოში თოვლის ბაბუას შეხვედროდა და მისთვის ჩვენთვის დაპირებული საჩუქრები გამოერთმია. წერილს ყოველთვის ვწერდი ხოლმე წინასაახალწლოდ და ძალიან მტკიცედ მწამდა, რომ კეთილი თოვლის ბაბუა არც ამ წელს დამტოვებდა უსაჩუქროდ იმისდა მიუხედავად, რომ მთელი წლის განმავლობაში ოჯახის არცერთ წევრს არ ვუჯერებდი და ყველას ნერვებს ვუშლიდი გარშემო.

ერთ-ერთი ახალი წელი მახსოვს განსაკუთრებით, როდესაც ბაბუაჩემი ამოვიდა სახლში, საჩუქრები ამოგვიტანა და თან ბებიაჩემს ტუჩებში აკოცა. ეს ახალი წელი განსაკუთრებით სამახსოვრო იყო, რადგან აქამდე ტუჩებში კოცნა მხოლოდ ტელევიზორში მენახა ისიც შემთხვევით, რადგან კოცნის დროს სულ თვალებზე მაფარებდნენ ხოლმე ხელს, ნუ უყურებ უზრდელობებსო. მახსოვს, როგორ შემოვეხვეოდით ხოლმე სახლში საჩუქრებით დაბრუნებულ ბაბუაჩემს, შემოსვლის საშუალებასაც არ ვაძლევდით. სწორედ ამ ახალ წელს თოვლის ბაბუამ ჩემს უსაყვარლეს ბაბუს ჩემთვის სათამაშო და თოჯინისთვის ეტლი გამოატანა, ვარდისფერი. ჰოდა, მახსოვს რა გაოცებული ვიყავი, რადგან ვერ წარმომედგინა, ასეთი  საჩუქარი რომ მომიტანეს, რადგან მე წერილში მარტო თოჯინის შესახებ მეწერა.

შემდეგ უკვე როდესაც ოთხწლიანი დაშორების შემდეგ ჩემი მშობლები ისევ შერიგდნენ და შესაბამისად საცხოვრებელი ადგილიც შევიცვალეთ, თოვლის ბაბუა ისევ მაკითხავდა ხოლმე ყოველ ახალ წელს. გავიდოდა ჩემი საწყალი ძმა გაბერილი დუტის ქურთუკით გარეთ, ყინვაში, ელოდა თოვლის ბაბუას და ზუსტად 12 საათზე შემოვიდოდა ხოლმე სახლში საჩუქრებით. მე ფანჯარაში მქონდა სულ ცხვირი გაყოფილი რომ ის ჯადოსნური მომენტი მენახა, როდესაც თოვლის ბაბუა გადასცემდა საჩუქრებს ჩემს ძმას, თან წარმომედგინა როგორ ჩამოფრინდებოდა ეტლით მსუქანი კაცი ციდან, მიცემდა გუდიდან საჩუქრებს და მერე სხვა ბავშვებთან გაფრინდებოდა ხოლმე. ნელ-ნელა ვიზრდებოდი და ინტერესიც უფრო მძაფრი ხდებოდა. ერთ დღესაც კარადაში როდესაც ვიქექებოდი იქ აღმოვაჩინე საახალწლო საჩუქრები და უცებ გულში რაღაც ჩამწყდა. გაქრა ამდენწლიანი ოცნებები, იმედები და რწმენა-წარმოდგენები მსუქანი თოვლის ბაბუის შესახებ. ახალი წლის ღამეს კი როდესაც დავინახე მამაჩემმა აივნიდან როგორ მიაწოდა ჩემს ძმას საახალწლო საჩუქრები, იქ დასრულდა ჩემი ბავშვობის ეს უდარდელი წლები, როდესაც მჯეროდა, რომ სადღაც დედამიწაზე არსებობდა მსუქანი, თეთრწვერა კაცი, რომელიც ბავშვებს სურვილებს გვისრულებდა. ასეთი ჯადოსნური თოვლის ბაბუა ჩემი ოჯახი იყო მხოლოდ და მხოლოდ. ის, ვინც ყოველწელს მაბედნიერებდა და წერილში დაწერილ თხოვნას მისრულებდა. ტრადიცია კი, რომლის მიხედვითაც 12-ს რომ დააკლდება 5-10 წუთი ჩემი ძმა გარეთ გადის და 12 საათზე საჩუქრები მოაქვს ჩვენთვის თოვლის ბაბუასგან, დღემდე შემოგვრჩა ოჯახში.

სწორედ ასე შეცვალა ჯადოსნური თოვლის ბაბუა ჩემმა ჯადოსნურმა ოჯახმა, სადაც ახალი წლის ღამეს არავინ დაგტოვებს საჩუქრის გარეშე.

6 responses to “როგორ დატოვა ბავშვობა თოვლის ბაბუამ

  1. ზუსტად ასე გავიგე მეც, რომ არ არსებობდა თოვლის ბაბუა, მშობლების გარდერობში ვიპოვეთ მე და ჩემმა ძმამ ლეგოს ნანატრი სათამაშო, რამდენიმე პარკში შეფუთულ-მიჩქმალული. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ გარეთ, შუშხუნების სასროლად გასულებს თოვლის ბაბუა სახლში ჩუმად გვეპარებოდა და ნაძვის ხის ქვეშ გვილაგებდა საჩუქრებს ^_^ ვერცერთხელ ვერ ,,მივისწარით ფაქტზე”, სხვათა შორის, მოგვიანებით ვერც მშობლები 😀 ვიცოდით უკვე, რომ ისინ ალაგებდნენ, მაგრამ ფეიერკერკების აჟიოტაჟი ფარავდა ყველაფერს და გვავიწყდებოდა ჩასაფრება 😀 ტკბილი ბავშვობა ❤ მადლობა მოგონებებისთვის :*

  2. როგორი სასიამოვნო წასაკითხი იყო…
    11 წლის ჩათვლით მწამდა თეთრწვერა ანგელოზის არსებობის, უკიდურესობიდან…
    ახლა კი ახალმა წელმა დაკარგა ჩემი სურვილი:)
    ის სიხარული აღარ მიგრძვნია, რომელსაც ბავშვობაში თოვლის ბაბუა მაგრძნობინებდა ❤

    • მადლობ:) ჰო, ბავშვობას გაყვა ჩვენი წარმოდგენები თეთრწვერა მსუქან არსებებზე

      • არაუშავს, ახლა ჩვენი ჯერია პატარები გავაბედნიეროთ, ცოტა ხნით მაინც ^_^

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s