სავსე ცხოვრება გამქრალი ქალებით

“ყოფილმა ქმარმა ცოლი გაგუდა და ადგილიდან მიიმალა”, “ქმარმა სამი შვილის დედა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა” ,  “ქმარმა ყოფილი ცოლი სანადირო თოფით მოკლა” , “ფონიჭალაში 31 წლის ქალი ყოფილმა ქმარმა მოკლა” – ყველაზე ხშირად სწორედ მსგავსი სათაურით შეხვდებით ნიუსს, ხოლო თუ დავგუგლავთ წინადადებას “ყოფილმა ქმარმა ცოლი მოკლა”, დაახლოებით 99 ათასზე მეტ შედეგს გვაჩვენებს გუგლი.

თითქოს, ჩვენი ყოველდღიურობის, ჩვენი ყოფის და რეალობის ნაწილი გახდა ეს ისტორიები. თითქოს, ვისწავლეთ ამასთან შეგუება. თითქოს, დავიჯერეთ, რომ ამ ქალების დახმარება შეუძლებელი იყო. თითქოს, დავიჯერეთ, რომ ყველა მოკლული ცოლი, დედა, ქალი, ადამიანი ბედისწერამ გაიმეტა. ბედისწერამ და არა – ჩვენ, ადამიანებმა. დადუმებულმა, გაჩუმებულმა, საკუთარი ცხოვრებით და პრობლემებით დაკავებულმა ადამიანებმა. თითქოს, დავიჯერეთ, რომ ეს მკვლელობა, დასახიჩრება, ძალადობა “ეჭვიანობის ნიადაგზე”, “ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის დროს”, “დაუმორჩილებლობის გამო” მოხდა. დავიჯერეთ, რომ ეს გარდაუვალი იყო, რომ ქალის ბრალი იყო, რომ მას უნდა ეცხოვრა სწორად, რომ მას უნდა შეეკავებინა თავი, უნდა მოეთმინა, ჩუმად უნდა ყოფილიყო, სახლში უნდა მჯდარიყო, სხვისკენ არ უნდა გაეხედა, სახლის ზღურბლს არ უნდა გასცდენოდა. დავიჯერეთ, რომ ეს ასე უნდა მომხდარიყო, რომ ეს გარდაუვალი იყო.

თვის განმავლობაში რამდენჯერმე ვიგებთ, რომ ქმარმა, ყოფილმა ქმარმა, ან პარტნიორმა ქალი მოკლა. თვის განმავლობაში რამდენჯერმე ვიგებთ, რომ ბავშვებს დედა მოუკლეს, რომ მშობლებს შვილი გაუგუდეს, რომ საზოგადოებას კიდევ ერთი ქალი გამოგლიჯეს ხელიდან. თვის განმავლობაში რამდენჯერმე ვიგებთ, რომ ჩვენმა სიჩუმემ კიდევ ერთი ქალი იმსხვერპლა. თვის განმავლობაში რამდენჯერმე ვიგებთ, რომ ჩვენი მეზობელი, რომელსაც ყოველდღე ქმარი ემუქრებოდა, რომელზეც ყოველდღე შვილების თანდასწრებით ძალადობდნენ, რომელიც ყოველდღე ტირილით იძინებდა, დილას კი უარესის მოლოდინით იღვიძებდა, საბოლოოდ და სამუდამოდ გააქრეს. გააქრეს, რადგან მისი არსებობის შესახებ, მისი ისტორიის შესახებ მხოლოდ ერთ კვირას ილაპარაკებენ, ინერვიულებენ, იტირებენ, ხელს ჩაიქნევენ და ჩვეულ ცხოვრებას განაგრძობენ. ისევ მოისმენენ ცოლის მიმართ ქმრის მუქარას, ისევ დაინახავენ ქალზე მოძალადე ქმარს, ისევ მოისმენენ ბავშვების ტირილს, ისევ ნახავენ ქალს, რომელიც ყოველდღე უარესის იმედით იღვიძებს, ისევ გაიგებენ მისი გაქრობის შესახებ ახალ ამბავს, იტირებენ, ინერვიულებენ, იტყვიან: “იქნებ, ჩარევა ჯობდა”, “იქნებ დახმარება ჯობდა”, “იქნებ, მისი დაცვა ჯობდა”, საბოლოოდ კი ისევ ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდებიან, სავსეს გამქრალი ქალებითა და მათი ისტორიებით. სავსეს გაგუდული, დასახიჩრებული, დამხრჩვალი, დანით მოკლული, დარტყმით მოკლული ქალების ისტორიებით. სავსეს დედის გარეშე, ობლად დარჩენილი ბავშვების ამბებით. სავსეს განადგურებული, დამცირებული, გათელილი და შეურაცხყოფილი ქალებით. დაუბრუნდებიან და გააგრძლებენ ცხოვრებას, სავსეს, გამქრალი ქალებით.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s