“ოქროს გალია” – შირინ ებადი

20400981_1939928982932620_1370851713_n

“თუ არ შეგიძლია ბოლო მოუღო უსამართლობას, მაშინ უამბე მაინც ყველას მის შესახებ” – ამ სიტყვებს (პირველი) ირანელი ნობელიანტი ქალისა და მწერლის წიგნში ამოიკითხავთ. ციტატა ალი შარიათს (ირანელ სოცილოგს) ეკუთვნის. შარიათის სიტყვები ერთგვარი ახსნაა შირინ ებადის “ოქროს გალიისა”. უსამართლობა, პოლიტიკური დაპირისპირებები, ანგარიშსწორება, შურისძიება, ადამიანური ურთიერთობები და სხვადასხვაობები მათ შორის ის თემებია, რომელთა მეშვეობით შირინ ებადიმ კარგად დაგვანახა, თუ რას ეწირება ჩვენი ცხოვრება. ავტორი ბავშვობის მეგობრების, სამი ძმისა და ერთი დის, ოჯახის შესახებ გვიამბობს.

“ოქროს გალიაში” აღწერიალია ირანში ბოლო 100 წლის განმავლობაში მიმდინარე მოვლენები: ნავთობი, ინგლისისა და ამერიკის საცეცებიანი ხელები ირანის ცხოვრებაში, ყაჯართა დინასტია, რეზა შაჰ ფაჰლავის მმართველობა, მოჰამად მოსადეყი, დაპირისპირება, მოქალაქეებსა და ოჯახებს შორის ბრძოლა, პოლიტიკურ შეხედულებათა განსხვავებულობის გამო დაღუპული ათასობით ადამიანი, სისხლის მდინარეები, მოსადეყის კალამი, ფაჰლავის ევროპულ რეფორმებს ამოფარებული ძალადობრივი მმართველობა, ადამიანთა დევნა პოლიტიკური ნიშნით, რევოლუცია, ფუნდამენტალისტების მმართველობაში მოსვლა, რეფორმები, რომლებმაც ირანი უკან მოტოვებულ საუკუნეებში დააბრუნა და ირან-ერაყის ომი. 

“რაც უფრო იზრდებოდნენ ჩემი ქალიშვილები, ფემინიზმი მით უფრო მნიშვნელოვანი ხდებოდა ჩემთვის. აბსტრაქტული იდეებისთვის აღარ ვიბრძოდი, კონკრეტული მიზანი მქონდა. მინდოდა, მათთვის მაგალითი მიმეცა და ნაბიჯები გადამედგა, რომ მათი ირანი ჩემსაზე უკეთესი ყოფილიყო.” 

ებადი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს, 3 ძმისა და ერთი დის, ოჯახის ისტორიაზე საუბრით. როგორ დაუპირისპირდნენ ალი, ჯავადი და აბასი ერთმანეთს. როგორ იმსხვერპლა პოლიტიკამ და აზრთა სხვადასხვაობამ მათი ერთიანი ოჯახი, როგორი უსუსური იყო ყოველი მათგანი ირანული რეჟიმის წინააღმდეგ და როგორი მწარე აღმოჩნდა მათი რწმენისა და იმედების საზღაური. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მათი და, ფარი, რომელმაც ძალიან ბევრი დათმო და გაიღო, საბოლოოდ კი, მარტო დარჩა დაქუცმაცებული, ნანგრევებად ქცეული ერთიანობის პირისპირ. 

სამი განსხვავებული გზა, არჩევანი და მიზანი. სამი ძმა: შაჰის გენერალი, კომუნისტი და ხომეინის მომხრე. თითოეული სიტყვა და წინადადება ძალიან კარგი მაგალითია იმის, თუ რად შეიძლება გვაქციოს სხვადასხვა ლიდერებისა თუ მმართველობების ბრმა ნდობამ. როგორ შეიძლება დაგვაცალკევოს, დაგვყოს და დაგვანგრიოს. როგორ შეიძლება ერთი მთლიანობა ნაკუწებად აქციოს.

ირანელების ცხოვრება, განვლილი დღეები, შიშში ყოფნა, ათასობით ჩახოცილი, განსხვავებული აზრის მქონე, ადამიანი და თავისუფლების წყურვილის სიმძაფრე, ვფიქრობ, ყველა ომ და რევოლუცია გამოვლილი ქვეყნის მოქალაქისთვის ნაცნობი თემა/საკითხი იქნება. ამიტომ, შირინ ებადის “ოქროს გალია” განსაკუთრებით კარგად გადაგააზრებინებთ საკუთარსა თუ სამყაროს არსსა და ისტორიას. 

“თითქოს თითოეულმა მათგანმა საკუთარი თავი ოქროს გალიაში გამოკეტა, მშვენიერ, მყარ ოქროს გალიაში, რომელიც ისეთივე დაცული და უსაფრთხოა, როგორც ნებისმიერი იდეოლოგია, მაგრამ მაგლია მაინც გალიაა და ვერც ერთი მათგანი გარეთ ვერ იხედება. ამიტომ, ერთმანეთთან მისასვლელი გზები დაკარგეს.” 

ერთ-ერთი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ წიგნში, არის ის, რომ სულ სხვა თვალით შეხედავთ ირანს, მის ისტორიას, მის კულტურას და სამყაროს. სულ სხვა თვალით დაინახავთ იმ ადამიანებს, რომელთა შესახებაც აქამდე მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა გქონდათ, ახლა კი ხელით შეეხებით “ოქროს გალიის” მეშვეობით.  საბოლოოდ კი, შირინ ებადიმ ვერ შეაჩერა უსამართლობა, მაგრამ მის შესახებ ყველას გააგებინა. მთავარიც ხომ ესაა, მუდმივად ვილაპარაკოთ და არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ სადღაც არიან და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ნათქვამი სიტყვები უხანგრძივებენ სიცოცხლესა თუ მის სურვილს. 

პ.ს უნდა აღვნიშნო, რომ თარგმანმა ძალიან მომხიბლა (ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ). 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s