წერილი შფოთვას

სალამი,

ბოლო დროს ხშირად გვქონდა ურთიერთობა. წერილებით არც არასდროს გვიკონტაქტია. არც ოდესმე რამე სხვა გზით მილაპარაკია შენთან. ახლა კი, შუაღამეს, როდესაც თითქოს ყველაფერი კარგად არის, გამახსენდი. გამახსენდი იმიტომ, რომ ბოლო წლის განმავლობაში შენ გარეშე ერთი ნაბიჯიც არ გადამიდგამს – არც წინ და არც უკან.

ბევრნაირი ხარ. ხან პატარ-პატარა უხეში სიტყვების სახით აღწევ ჩემამდე, ხან უბრალოდ ყველანაირი მიზეზის გარეშე მოვარდები ზღვის ტალღებივით, დამეტაკები და წამლეკავ, ხან კი ძალიან მარტივად, პირდაპირ ადამიანების სახით მოდიხარ.

შენთან ერთად ჩემი ცხოვრება არ არის მარტივი. ბოლო წლები კი ჩემი განუყოფელი ნაწილი ხარ. ბოლო წელიწადი კი ჩემი იდენტობის ნაწილი. თითქოს, ძალიან შეგისისხლხორცე. თითქოს, არაფერია კარგად, როდესაც ახლოს არ ხარ, როდესაც თავს არ მახსენებ, როდესაც საშინელ არითმიას და სუნთქვის უკმარისობას არ მმართებ.

მთავარი ამ ყველაფერში ალბათ ისაა, თუ ვისთან ერთად ვუმკლავდები შენს მოსვლას. მარტო, თუ სხვა ადამიანთან ერთად?

მეგონა, რომ მარტო არ დავრჩენილვართ ერთმანეთის პირისპირ. ახლა ვხვდები, რომ მთელი ეს დრო მხოლოდ მე და შენ ვიყავით. მე მთელი ძალით გიწევდი წინააღმდეგობას, მთელი ჩემი ენერგიით ვცდილობდი შენს თავიდან მოშორებას. მეგონა, სხვებიც ასევე იყვნენ ამ ყველაფერში ჩართულები, მეხმარებოდნენ და გვერდში მედგნენ, მაგრამ ვხვდები, რომ ასე არ ყოფილა.

ყოველი ღამე, როდესაც უძილოდ გამითენებია, შენთან ურთიერთობის შიშში – მარტო ვიყავი.

ყოველი დღე, როდესაც თავს უბედნიერესად ვგრძნობდი, მაგრამ წამებში მიგქონდა ეს ბედნიერება – მარტო ვიყავი.

ყოველი წუთი, როდესაც საკუთარ სუნთქვას ვუგდებდი ყურს, საკუთარ პულსს გულისყურით ვუსმენდი და ვცდილობდი გამეგო, რამდენად მიახლოვდებოდი – მარტო ვიყავი.

ყოველი დილა, როდესაც ლოგინიდან ადგომის საშუალებას არ მაძლევდი, ან ყოველი დღე, როდესაც გარეთ გასვლის ნებას არ მაძლევდი – მარტო ვიყავი.

შენ გარდა ბევრი სხვა გრძნობა იყო ჩემს ცხოვრებაში. სხვა დანარჩენ გრძნობებში არ ვიყავი ასე. მყავდნენ თანაზიარები. შენთან – არავინ.

წერილსაც იმიტომ გწერ, რომ ჩემი დაკვირვებები გაგიზიარო და გითხრა, რომ მთელი ეს დრო შენც მარტო იყავი და მეც, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ნელნელა განცალკევების დროა.

შენ გარეშე ცხოვრება როგორია, მაინტერესებს.

მადლობა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s